აქტუალური
იანვრის პირველ ნახევარში საქართველოში არ მოთოვს

tovli-tbilisshiსინოპტიკოსები თოვლს იანვრის პირველ ნახევარშიც არ გვპირდებიან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების განყოფილებაში საქინფორმის კორესპონდეტს განუცხადეს, 14 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია მხოლოდ მცირე ნალექი.

„თოვლი რომც წამოვიდეს, ის იქნება ძალიან სუსტი და მიწას არც დაემჩნევა“, - განაცხადეს სააგენტოში.

სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, საქართველოს ზამთრის მთავარ კურორტებზე უჩვეულო სურათია: ბაკურიანში თოვლი სულ არაა, გუდაურში კი მისი საფარის სისქე მხოლოდ 3 სანტიმეტრია.

ამან ქართულ მასმედიას საფუძველი მისცა, რომ მათ განეცხადებინა – ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო სეზონი ჩაიშალაო.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, იანვრის შუა რიცხვებამდე აღმოსავლეთ საქართველოში ის შეიძლება -8 გრადუსამდე დაეცეს; თბილისში -4 -3 გრადუსამდე; დასავლეთში კი -1+4 იქნება. დღისით აღმოსავლეთში მოსალოდნელია +3+8, დასავლეთში კი +5+10.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იუწყებიან, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე გასული ათწლეული საქართველოში ყველაზე თბილი იყო.

2010 წლის ნოემბერში დაფიქსირდა სარეკორდო ტემპერატურა, ზაფხული კი ყველაზე ცხელი იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. გასული წლის დეკემბერიც თბილი და მშრალი გამოდგა.