საზოგადოება
„პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ იმ პენსიონერებს შეეხებათ, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ“ – ხადური

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

 მისი თქმით, მთავრობა მუშაობს პენსიონერების დასაქმების პროგრამაზე და მალე პროგრამის დეტალური პრეზენტაცია იქნება.

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ამაზე განცხადება. ეს არის შესაძლებლობა პენსიონერებისათვის და, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისათვის, ვისთვისაც შემოსავალი ძალიან დაბალია, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეული ტიპის შეღავათები. ეს შეღავათები შეეხება როგორც იმას, რომ მუშაობის დაწყების შემთხვევაში შეინარჩუნებენ პენსიას და სოციალურ დახმარებას, ისე დამსაქმებლებს, რომ შევიმუშაოთ სტიმულირების ძალიან კარგი მექანიზმები. ეს იქნება ერთიანი საკანონმდებლო პაკეტი. აქ არის საუბარი პენსიონერთა იმ ნაწილზე, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს”, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.