საზოგადოება
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება ოდესიდან სააკაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებით

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა მონაწილეობის სავარაუდო შემთხვევები, რომელთაც საარჩევნო კოდექსით ეკრძალებათ ასეთი ქმედება. ცალკე გამოსაყოფია უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა  წინასაარჩევნო აგიტაციაში სავარაუდო  მონაწილეობის ფაქტები, რომლებიც ეფუძნება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია ხსენებულ პირებზე, თუ ისინი არ იმყოფებიან საქართველოში. 

მსგავსი ფაქტების პრევენციისა და საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, განხილულ იქნეს შესაძლებლობა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს იმ პირთა ქმედება, რომლებიც საჯაროდ მოახდენენ ან/და ორგანიზებას გაუწევენ  ისეთი პირების საარჩევნო სააგიტაციო მიმართვების საჯარო დემონსტრირებას, რომელთაც კანონმდებლობით ეკრძალებათ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა.

შესაბამისად, მინდა მივმართო საარჩევნო სუბიექტებს, შესაბამისი თანამდებობის პირებს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და ხელი შეუწყონ საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების სრულფასოვან განხორციელებას“.