საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიანი სია განაახლა. 15 ივლისის მდგომარეობით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 452 093-ს შეადგენს.
თითოეულ მოქალაქეს საკუთარი მონაცემების შემოწმება შეუძლია სპეციალურ საიტზე - voters.cec.gov.ge. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების შემოწმებისას მომხმარებელი ასევე ნახავს ინფორმაციას, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული.
ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).
უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა (საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლი).