პუბლიკაციები
“რა ღირებულებების ხარ, ანუ, რა ფასეულობებს აწვები, ძმაო?”- ჯუმბერ კირვალიძე

  ხმას კი არა, “გახვრეტილ შაურიანსაცარ მივცემ!

2 თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, იმ დღემდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ თავისი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს, ანუ ხმა მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას და მაჟორიტარ კანდიდატს. მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით და ყველამ პატიოსნად მივიღოთ მონაწილეობა 8 ოქტომბრის არჩევნებში. მართალია, რომ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ქართველ ამომრჩეველს დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება არა აქვს, მაგრამ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოავლინოს პოლიტიკური სიმწიფე და მაღალი ელექტორალური კულტურა. დიახ, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც იმის წინაპირობა გახდება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად!

გარდა ამისა, საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობის შედეგად ნათლად გამოჩნდება, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ იტყვის, რომ “მისი ამომრჩეველი შინ დარჩა”. ამგვარად, ჩვენს ბედოვლათ (დიდი უმრავლესობა) პოლიტიკოსებს სასპეკულაციოდ სათქმელი აღარ დარჩებათ, რაც მომავალში გაცილებით მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, რადგანაც ქართული პოლიტიკური ველი გვარიანად გაიცხრილება! თორემ, დღეს საქართველოს ქალაქების ქუჩებში და სოფლებში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას, კითხვაზე –ვის აძლევ ხმას”, – ისმის პასუხი, – “ხმას კი არა, “გახვრეტილ შაურიანსაცარ მივცემ”, – რასაც, სამწუხაროდ, არ შეიძლება არ დაეთანხმო!

 

რა ღირებულებების ხარ, ანუ, რა ფასეულობებს აწვები, ძმაო?!

როგორც ჩანს, საქართველოში არსებულ პოლიტიკოსთა (ვინც ამ სფეროში “ტრიალებს”) შორის, გრიშა ონიანი ყველაზე ერთგულია იმ იდეოლოგიის, რომელსაც ათეული წლებია მისდევს და ბოლომდე არ ღალატობს მას! განსხვავებით, სხვა ქართველი პოლიტიკოსებისგან (დიდი უმრავლესობა), რომელთა იდეოლოგიური “პლატფორმა” – პირდაპირ პროპორციულია მსოფლიო სავალუტო კურსის, სადაც აშშ დოლარი ლიდერობს…

P.S. პერიფრაზი, არცთუ ისე ძველი თბილისური ქუჩური დიალოგიდან, – “რა გაგების ხარ, ანუ, რა გაგებას აწვები, ძმაო”?, – დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ასე “ჟღერს”, – “რა ღირებულებების ხარ, ანუ, რა ფასეულობებს აწვები, ძმაო”?…

 P.P.S. ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, საქართველოში “კომუნიზმის რესტავრაციის” საფრთხე ჯერ კიდევ არ გამქრალა, რადგანაც 25 წელია ქართველი პოლიტიკოსები ერთ ადგილს ტკეპნიან, ამიტომაც, სამწუხაროდ, კვლავ – დეპოში ვართ”!