პუბლიკაციები
კვარაცხელია: „სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი, აფხაზეთის გავლით“

 გარდა რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში შემოყვანის აუცილებლობისა, „სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველოს“ თავმჯდომარე ვალერი კვარცხელია აფხაზეთის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის მაგისტრალის აღდგენის აუცილებლობაზეც ალაპარაკდა. როგორც თელავში გამართული დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ, კვარაცხელიამ „1ნიუს საქართველოს“ განუცხადა, ქართველ ხალხს აღარ სურს, ამერიკის დიქტატის ქვეშ ცხოვრება.

„ხალხს აღარ უნდა ამერიკული დიქტატი და ნატოსა და ევროკავშირის ზღაპრები. ამოუვიდა ეს ყველაფერი ყელში, როგორც აჭარელს, ისე გურულს, მეგრელსა და იმერელს, ისე ქართლელსა და კახელს. ეს ყველაფერი იგრძნობოდა დღეს თელავში. ამიტომ, დღეს მოგვისიეს შპანა, აშშ-ის მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომელთაც შეუძლიათ მარტო კვერცხის სროლა, გინება, ლანძღვა, წყევლა-კრულვა, სტვენა და ფურთხება. ეს არის მათი ინსტრუმენტი, ვინაიდან მათ საუბარი არ შეუძლიათ, მათ ცოდნა არ აქვთ, ხალხთან მისასვლელი არ აქვთ, ყველა ქოქოლას აყრის და სადაც მიდიან, პანღურს არტყამენ და ყრიან ხოლმე. მაგრამ, მათ რომ ჰგონიათ, რომ ჩვენ მოგვიწყობენ პროვოკაციას, სინამდვილეში, ისინი პროვოკაციას უწყობენ საქართველოს. მათ მაისურებზე ჰქონდათ პუტინის სურათი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით და ფიქრობენ, რომ ამით ჩვენ გვაყენებენ შეურაცხყოფას. მაგრამ სინამდვილეში ეს არის ძალიან ცუდი საქციელი, რომელიც არ უნდა იკადროს არცერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა, ჩვენ მოვუწოდებთ მათ იყვნენ კორექტულნი, მოიქცნენ კანონის ფარგლებში, ზრდილობის ფარგლებში და ა.შ“, - აცხადებს კვარაცხელია. მისივე თქმით, მოძრაობას დღეს არ გამოუყენებია საბჭოთა სიმბოლიკა, რადგან იმ დარბაზის დირექტომა, რომელიც მათ ღონისძიებისთვის იქირავეს, სთხოვა, რომ მსგავსი სიმბოლიკების გამოყენებისგან თავი შეეკავებინათ, რათა შემდეგ მას ამის გამო არ შექმნოდა პრობლემები. მისივე თქმით, საბჭოთა სიბოლიკის არ გამოყენება დღეს სწორედ ამას უკავშირდებოდა და არა სუს-ის განცხადებას და რაიმე სახით, მათ უკანდახევას. მისივე თქმით, დღეს „გერგიევსკის ტრაქტატზე“ ხელმოწერის დღეა და აუცილებლად დაიდება მეზობელ ქვეყანასთან, ახალი, თანამედროვე ტრაქტატი. „რუსეთთან სასაწრაფოდ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ამიერკავკასიის სარკინიგზო მაგისტრალი, აფხაზეთის გავლით. ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებაც, რა უკვე ვთქვით, რომ უნდა დაიდოს ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს სამხედრო-სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან არ ისვენებს ნატო, არ ისვენებენ აშშ-ში, არ ისვენებენ მათი დამქაშები აქ, ნატოს და აშშ-ის სამხედრო ტექნიკის შემოსვლა საქართველოსთვის, ეს არის ქვეყნისთვის დამანგრეველი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დაშლის უკვე დაწყებული პროცესი გაგრძელდება“, - გვითხრა ვალერი კვარაცხელიამ.