საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ა.წ. 1 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის ნაცვლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ლევან იზორიას დანიშვნას იმავე დღეს ხიდაშელის მძაფრი აღშფოთება და მასმედიაში გაკეთებული მკვეთრი კომენტარები მოჰყვა, თანაც არა მარტო იზორიას, არამედ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის, სუს-ის და მთლიანად მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მისამართით (მომხდარის მიზეზები საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში გააანალიზა).
უსაფუძვლო და თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი ბრალდებები უყურადღებოდ იზორიას არ დაუტოვებია და 5 აგვისტოს ტვ “იმედის” გადაცემა “პოლიტიკაში” ერთმანეთის მიყოლებით ამხილა ხიდაშელის სიცრუით სავსე გამოხდომები.
მეორე დღეს “შეურაცხყოფილმა” თინა ხიდაშელმა ლევან იზორიას თავის ფეისბუქ-კედელზე უპრეცედენტოდ ცილისმწამებლური შინაარსის წერილით უპასუხა, რომელიც ასე იწყება:
“ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა. იქაურობა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟს, სახელს, პატივს ნებისმიერ პირობებში შევეცდები ბოლომდე გავუფრთხილდე და მოვეფერო!
დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო. პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე პალიტრის ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა”.
როგორც პატივცემული მკითხველი ხედავს, საბოლოოდ ღირსებადაკარგულ ხიდაშელს „ქართული არმიის ღირსების შენარჩუნება“ სურს და იზორიას, პრაქტიკულად, ულტიმატუმს უყენებს - 2 თვე, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ნუ შემეხები, ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატად პარლამენტში მოხვედრაში ხელი არ შემიშალო და მეც აღარ შეგეხები! მაგრამ თუ ჩემს საქმიანობაში დარღვევებზე და თავდაცვის სამინისტროში პრობლემებზე ლაპარაკს დაიწყებ, შენს თავს დააბრალეო!..