საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 4 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ბათუმში, პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს“ აქციის მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეებსა და პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დააკავეს (წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
პოლიციელების ოპერატიული ჩარევის შედეგად ვითარება განიმუხტა, კონფლიქტი აღმოიფხვრა და აქცია მალე დაიშალა. აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლწაკიდებული ფიტული საპატრულო პოლიციამ ცეცხლმაქრობით ჩააქრო.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნებისმიერ სამართლდარღვევაზე, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ის, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა, პოლიცია იმოქმედებს მყისიერად, ადეკვატურად და კანონის სრული დაცვით“.