პოლიტიკა
ლევან იზორია: „მეც თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს!“

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 270 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისის“ ბაზა „ალგეთზე“ გაიმართა. რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა.

 „თქვენთან ერთად ვდებ ფიცს, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ხალხს. სიმბოლურია, რომ დღეს ფიცის მიღების ცერემონიის ფარგლებში, როგორც მინისტრი, სწორედ თქვენ გხვდებით. ეს ძალიან დიდი პატივია და ჩემთვისაც ქვეყნისთვის  ფიცის დადების ცერემონიაა.

 მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ყველანაირ პირობას შეგიქმნით, რომ ღირსეულად ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ კეთილშობილურ საქმეში საერთაშორისო პარტნიორებიც დაგვეხმარებიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც. პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.