საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ დირექტორს კახა აბულაძეს მოუსმინეს.
შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ გახსნა და საკოორდინაციო საბჭოში შემავალ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ისაუბრა ცენტრისა და „მეგობრობის სახლში“ გაერთიანებული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამომავლო თანამშრომლობაზე და მათ ჩართულობაზე გაერთიანების მიერ მომზადებულ პროექტებში.
შეხვედრაზე, რომელშიც ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი რიტა ხიდირბეგიშვილი მონაწილეობდა, დეტალური ინფორმაცია „თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების“ სტრატეგიულ მიმართულებებზე, პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე საკოორდინაციო საბჭოს წევრებს ცენტრის დირექტორმა კახა აბულაძემ მიაწოდა.
ცენტრის ფუნქციონირების პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა კახა აბულაძეს მათთვის საინტერესო მიმართულებებზე დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.