საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი ვითარება პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში შეაფასეს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 3 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე. გიორგი ვოლსკის განცხადებით, საჭიროა შეფასდეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული ვითარება. მისი თქმით, პოლიტიკოსების ნაწილი განცხადებებს აკეთებს რეალური სურათის წარმოჩენის გარეშე. მისი თქმით, განცხადებები გაკეთდა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარისა და იმ მოსამართლეების მხრიდან, რომელთაც ნაციონალურ მოძრაობასთან და რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან მჭიდრო მეგობრული თუ სამსახურებრივი ურთიერთობა აქვთ. ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში არის მხარე. წარმომადგენელი პარლამენტის სახელით გამოდის ყველა საქმეზე, რომელიც იხილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იცავს იმ კანონების კონსტიტუციურობას, რომელიც გასაჩივრებულია. მისი შეფასებით, ის ვითარება, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოიკვეთა, უკიდურესად მძიმე და შემაშფოთებელია, და ვიდრე სწრაფი გამოძიებით არ მოხდება დადგენა, ვინ არღვევდა კანონებს, ვინ ახორციელებდა ამ ფაქტებს, იქამდე სასამართლოს ნდობისა და მიუკერძოებლობის აღდგენა შეუძლებელია. „დღეს შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა განცხადებით დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა საკონსტიტუციო საქმეთა განხილვის დროს კანონდარღვევებს, კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის, ისეთი სარჩელების, რომლებიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. ეკა ბესელიას მიაჩნია, რომ სარჩელების შეცვლას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. დეპუტატი ვარაუდობს, რომ არსებობდა წინასწარი შეთანხმება სარჩელის შემომტან მხარესა და ცალკეულ მოსამართლეებს შორის,რათა შეცვლილი, დამატებული სარჩელის მოთხოვნით, დამატებული გასაჩივრებული მუხლების მითითებით მომხდარიყო სწორედ იმ ნორმების გაუქმება, რომლებიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას. „სწორედ ამიტომ იკვეთება ძალიან მნიშვნელოვბან საქმეებზე სარჩელების შეცვლის ფაქტები. ერთ შემთხვევაში არის ათი გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული. ესენია: „რუსთავი 2-ის საქმე“ და „კაბელების საქმე“, რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ამ დანაშაულებრივ ფაქტებს გამოძიება სჭირდება. მან ერთ-ერთი მოსამართლის, ტურავას მიმართ განხორციელებული პირდაპირი ზეწოლის ფაქტი გაიხსენა, „როდესაც საავადმყოფოში მასთან მივარდნით და გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერით აიძულებდნენ იმ მოქმედების შესრულებას, რაც კანონით აკრძალულია“. ეკა ბესელიას განცხადებით, გადაწყვეტილებას ხელი მხოლოდ სათათბირო ოთახში ეწერება. მისივე ინფორმაციით, ყველა სარჩელი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია მოქცეული (ბოლო პერიოდში შესული შვიდ სარჩელზე მეტი), ეწერება ერთი კოლეგიის მხოლოდ სამ მოსამართლეს, როგორც მომხსენებელს და არცერთი მათგანი არ არის გადაცემული მეორე კოლეგიისთვის ან პირველი კოლეგიის მეოთხე მოსამართლისთვის - ტურავასთვის. „ეს სარჩელები შინაარსობრივად ერთმანეთთან არ იყო კავშირში, მაგრამ მისი შემომტანი ერთი და იგივე პირი გახლდათ, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ამ დღეებში კეთდებოდა განცხადებები ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირ კავშირზე ნაციონალურ მოძრაობასთან და ძალიან ახლო კავშირზე სწორედ ბატონ გვარამიასთან“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მან ჟურნალისტებს ასევე შეახსენა, რომ მოსამართლე ტურავას მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყო სწორედ იმ ფაქტიდან, რომელიც საავადმყოფოში გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას უკავშირდებოდა, თუმცა ეს დისციპლინური წარმოება, მისივე თქმით, დღემდე დასრულებული არ არის. „თუ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეების სტატისტიკას ვნახავთ, 2013-2014 წლებში შესული სარჩელების განხილვა დღემდე არ დაწყებულა. შემიძლია ნომრებითაც დაგისახელოთ საქმეები, რომელთა წარმოებაში მიღების საკითხიც კი დღემდე გადაწყვეტილი არ არის მაშინ, როდესაც ყველა იმ საქმეზე, რომელიც პოლიტიკურად პირდაპირაა დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, 6-7 დღეში იწყებოდა განხილვა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ. მისი შეფასებით, სწრაფი მართლმსაჯულება არის კარგი, მაგრამ იგი უნდა ხორციელდებოდეს არა მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ინტერესების გათვალისწინებით. „სწრაფი მართლმსაჯულება უნდა ხდებოდეს დანარჩენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, რომლებიც ასევე ასაჩივრებენ მათთვის მნიშვნელოვან, უფლებრივი შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებს“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.