პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობასთან გამართა

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო.

 შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილის შეტანას.

 შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ პირველ ნატო-საქართველოს სწავლებაზე.

 „ნატოსთან პარტნიორობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ამ სტანდარტების თავსებადი ქვეყანა, რაც უელსის სამიტზე აღიარებული იქნა, – აღნიშნა იზორიამ.

 „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა ახალ გუნდთან მუშაობის საშუალება. გვსურს, გავახმოვანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი გვერდში უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა, თავის მხრივ, უილიამ ლაჰიუმ.