სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

 საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 4 აგვისტოს ქალაქ თელავში ააიპ „სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველო“-ს მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, სადაც ორგანიზაციის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნეს კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკა.

კომისია მიმართავს შსს-ს, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე, უზრუნველყოს კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის საფუძვლების გაღვივების წინააღმდეგ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და მიიღოს სათანადო ზომები. კომისიამ ასევე გაუგზავნა მიმართვა ააიპ „სახალხო მოძრაობა - სოციალისტური საქართველო“-ს თავმჯდომარე ვალერი კვარაცხელიას, რათა „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ზემოაღნიშნულ საჯარო ღონისძიებაში არ დაუშვას და აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“.