პოლიტიკა
„უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ზრდის მაჩვენებლები გააცნო. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შვიდ თვეში ტურისტების რიცხვმა შეადგინა 3 მილიონ 400 ათასზე მეტი, რაც დაახლოებით 11%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

 „ასევე რეკორდული გამოდგა კონკრეტულად ივლისის თვე - საქართველოს ეწვია 764022 საერთაშორისო მოგზაური, რაც 26124-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა  354.5 მილიონი დოლარი, რაც 15.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს ტენდენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ნიშნავს შემოსავლების ზრდას ჩვენი ქვეყნის ტურიზმის სექტორში ჩართული  ყველა ადამიანისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

 „ვფიქრობთ, უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ მომავალ წელს, რაც ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენ ადგილობრივი ინფრასტრუქტურა უნდა  მოვამზადოთ და ამ მიმართულებით ბევრი უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.