პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა

 საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს – თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ მათი საქმიანობა წარმატებული იქნება.

 „ძალიან კვალიფიციური ორი ახალი წევრი შემოგვემატა და დარწმუნებული ვარ, რომ ორივე უწყება იქნება ძალიან წარმატებული და ბევრი კარგი საქმე გაკეთდება ორივე მიმართულებით, – აღნიშნა პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმატებები უსურვა აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს.

 „წარმატება მინდა ვუსურვო აჭარის მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს. მან ძალიან ეფექტურად დაიწყო მოღვაწეობა აჭარაში. ზურაბი გახლავთ ყოფილი დიპლომატი და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ასევე წარმატებული მთავრობის თავმჯდომარე იქნება. რაც შეეხება არჩილ ხაბაძეს, არჩევნებთან დაკავშირებით მას მოუწევს უკვე საარჩევნო პროცესში ჩართვა და ეს ცვლილება სწორედ ამით იყო განპირობებული“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.