საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. ლევან იზორია გაუგებარს უწოდებს შეფასებებს, რომლებიც თავდაცვის ახალი მინისტრის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობას უკავშირდება.
„პოლიტიკოსიც შეიძლება იყოს უპრინციპო, ლაპარაკობდეს ბევრს და საქმეს აკეთებდეს ნაკლებს. მაგრამ შეიძლება, იყოს მენეჯერი, რომელიც ნაკლებს ლაპარაკობდეს და იყოს ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი. ამიტომ ეს არგუმენტები ჩემთვის ყოვლად გაუგებარი და რაციონალურ საფუძველს მოკლებულია. მე ვარ პოლიტიკოსი. ვარ ძალიან პრინციპული“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
თავდაცვის ახალმა მინისტრმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ მიმართა გენშტაბს, რათა შემდგომი ორი თვის განმავლობაში შედგეს კალენდარი, სადაც განისაზღვრება, თუ რომელ სამხედრო ნაწილს ეწვევიან.
„მინდა, ყველას შევხვდე, თქვენთან ერთად გავიგო, თითოეულ სამხედრო ნაწილს რა პრობლემები აქვს და რით შემიძლია დავეხმარო. ასევე მინდა, ვეწვიო სამხედროებს იქ, სადაც ყველაზე მეტი საფრთხეა მათი სიცოცხლისთვის და ყველაზე დიდი რისკია. მინდოდა, მაქსიმალურად დიდი რაოდენობის ჟურნალისტებთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ეს შეზღუდულია“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.