საზოგადოება
რა უჯდება თბილისს ახალი წელი

koncertiყოველ ახალ წელს ჩვენი ქვეყანა გრანდიოზული კონცერტებით ეგებება. წელს სადღესასწაულო განწყობა იყო როგორც ჩვენს დედაქალაქში, ასევე, ქუთაისში, ანუ როგორც ჩვენი ხელისუფალნი იტყოდნენ, მამაქალაქში   და კიდევ ახალ ქართულ სასწაულში – ბათუმში. საკითხავია, რატომ არის ბათუმი სასწაული?! ერთი ჩვეულებრივი ზღვისპირა, ლამაზი ქალაქია. სასწაული ხელისუფლებამ ბათუმს ბულვარის კეთილმოწყობის შემდეგ უწოდა, მაგრამ ასეთი სასწაულები საქართველოში ბუნებრივად არსებობს, მაგალითად, ასეთია შატილი, მუცო, უშგული, თანაც ყოველგვარი კოსმეტიკური რემონტის გარეშე.

კონცერტი ბათუმში, რაზეც მთელი თბილისის ელიტა ალაპარაკდა, 31 დეკემბრის ღამეს გაიმართა და, რაც მთავარია, მასში ქართველ მომღერლებთან ერთად იტალიელი ტენორი ანდრეა ბოჩელი მონაწილეობდა.

ასეთივე პომპეზური არა, მაგრამ კონცერტი ჩატარდა თბილისშიც, სადაც თითქმის ყველა ქართველი მომღერალი, წამყვანი თუ მომღერლად გადაქცეული ტელეწამყვანი იღებდა მონაწილეობას, ხოლო ისინი, ვინც თბილისის კონცერტზე ვერ მოხვდა, ახალ წელს ქუთაისში შეეგებნენ.

საქართველოში ღონისძიებების სერიალი ამით არ სრულდება. 8 იანვარს უკრაინელებს მესტია უმასპინძლებს, სადაც სპეციალურად მათთვის გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი. ხალხის სიმრავლის გამო ხელისუფლებამ ზუგდიდიდან მესტიისკენ უფასო ავტობუსებიც დანიშნა.

საქინფორმის ჟურნალისტი ამაოდ ეცადა იმის გარკვევას, ამ გრანდიოზული კონცერტების მომზადებაში რა ოდენობის თანხა იხარჯება.

მერიის ცხელ ხაზზე (72 22 22) თავიდან რამდენიმეჯერ სხვადასხვა ხაზზე გადაერთებისა და გათიშვის შემდეგ, როგორც იქნა, გვიპასუხეს, რომ ამ ინფორმაციის მისაღებად მერიაში განცხადება უნდა შევიტანოთ ოთარ ტატალაშვილის ან მამუკა ქაცარავას სახელზე, რადგან ეს არ არის საჯარო ინფორმაცია და მხოლოდ განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში მივიღებთ პასუხს, თუმცა დაკმაყოფილებას არც არავინ შეგვპირებია.

განცხადების შემოტანაც კი არ მოუთხოვიათ ბათუმის მერიაში,რადგან ნომერი 888222 7 26 06 , რომელიც მათი მერიის სამსახურს ეკუთვნის, პერმანენტულად დაკავებულია, ხოლო ქუთაისის მერიაში (8231 4 54 54) დარეკვისას ყურმილს არავინ იღებს.

რაში და რამდენი იხარჯება თითოეული ჩვენგანის ჯიბიდან ამოღებული ფული? კონცერტებისა და სანახაობების გარდა, ფული არაფერში გვაქვს დასაბანდებელი ქართველებს? რაში გვჭირდება ამდენი ხიდი და შადრევანი? და საერთოდ, საით მივექანებით? ამ კითხვებზე პასუხი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების გარდა, ყველა ქართველს აინტერესებს, მაგრამ პასუხი სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს ჯერჯერობით ხალხისთვის არ აქვთ.