სამართალი
მთავარი პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე შუალედურ შედეგებს ავრცელებს

 საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოკითხული მოსამართლეებიდან ყველა მათგანი უარყოფს მასზე ზეწოლას ან რაიმე სახის ჩარევას.

 „გამოკითხულია საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე თავმჯდომარის გარდა. გამოკითხულთაგან ყველა უარყოფს მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას ან სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას.

 მთავარ პროკურორსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის აღნიშნულ საქმეზე თანამშრომლობის შეთანხმების თანახმად, ამ კვირაში გიორგი პაპუაშვილთან კოორდინაციით მოხდება მისი გამოკითხვა ზეწოლის ფაქტებთან მის ხელთ არსებული ინფორმაციის ირგვლივ.

 სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, რომლებზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ“, -  ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.