საქართველო, 2 აგვისტო, საქინფორმი. 2016 წლის 31 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულ ვახტანგ ხ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ დაპატიმრების გამოყენების თაობაზე.
წარდგენილი ბრალის თანახმად, ვახტანგ ხ-ს ბრალად ედება ტერორისტული მიზნით აფეთქების და ადამიანზე თავდასხმის მუქარა. საქმე ეხება სოციალური ქსელის მეშვეობით 2016 წლის 28 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც თბილისში 29 ივლისს, 12 საათსა და 30 წუთზე აფეთქების მუქარას შეიცავდა.
სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალად შერაცხული ქმედების ხასიათი, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფორმას, ამასთან გაითვალისწინა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, რომელიც უალტერნატივოდ ექვსიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შესაბამისად, მაღალია ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები… ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე უფრო მკაცრი სახის - დაპატიმრების გამოყენების როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 22 სექტემბერს 11 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.