საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 41%-თვის პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, 57% კი არ გადაუწყვეტია ხმას ვის მისცემს

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი საკითხია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემისას, 41% პასუხობს, რომ მნიშვნელოვანია პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა, 12%-თვის მნიშვნელოვანია პარტიის პოლიტიკა ჯანდაცვასთან დაკავშირებით, 11%-თვის მნიშვნელოვანია პარტიის პოლიტიკა ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, 9 %-თვის - პარტიის პოლიტიკა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, 8%-თვის - პარტიის პოლიტიკა საგარეო საკითხებთან დაკავშირებით, 6%-თვის - პარტიის პოლიტიკა განათლებასთან დაკავშირებით, არ იცის - 8%-მა.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა, ვის მისცემთ ხმას, გამოკითხულთა 57%-მა განაცხადა, რომ არ გადაუწყვეტია, გამოკითხულთა 38%-ს გადაწყვეტილი აქვს, ხოლო 3%-მა არ იცის, ვის მისცემს არჩევნებში ხმას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ კვლევა 8 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით ჩატარდა და სულ 4 113 ადამიანი გამოიკითხა.