საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. შალვა ხუციშვილმა საქმის რამდენიმე დეტალზე ისაუბრა და ასევე გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესების შემთხვევაში, საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.
„ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მომსახურების სააგენტო დაჩქარებულ ვადაში არ გასცემს ნასამართლობის ცნობას, არის შემთხვევა, როდესაც პირი არის მრავალჯერ ნასამართლევი და ყველა განაჩენი არ არის ადგილზე, იმისთვის, რომ დაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაქარწყლებულია ნასამართლობა თუ არა. ამ პირის მიმართ არსებობს რამდენიმე განაჩენი, ყველა განაჩენი უნდა შეიკრიბოს შსს-ში, გადაიგზავნოს სასამართლოდან, რათა ნასამართლობის გაქარწყლების გამოთვლა მოხდეს”, - განაცხადა ხუციშვილმა.
შს მინისტრის მოადგილემ პრეზიდენტის სიძის საქმეზე პერსონალური მონაცემების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
“შსს-მ მართლაც გაავრცელა გარკვეული კატეგორიის განსაკუთრებული მონაცემები, თუმცა სახელი და გვარი ინიციალებით იყო მითითებული, ისე, რომ პიროვნების ამოცნობა შესაძლებელი არ ყოფილიყო“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.