აქტუალური
საქართველო მიიღებს სომხეთისათვის განკუთვნილ რუსეთის აირს, სომხეთი კი - სანაცვლოდ, ირანისას

 საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. “შეთანხმება ირანიდან საქართველოში აირის საცდელი ექსპორტის შესახებ შეამცირებს მის დამოკიდებულებას აზერბაიჯანზე. ამჟამად ბაქო საქართველოს აწოდებს “ცისფერი საწვავის” 80%-ს”, - განაცხადა  ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის დირექტორმა ალექსეი გრივაჩმა.

 “ხელშეკრულების დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი სქემა შეუძლებელია “გაზპრომის” თანხმობის გარეშე, რადგან სომხეთში მიდის გაზსადენი რუსეთიდან და მისი საშუალებით მიეწოდება რუსული აირი. ამიტომ ირანის აირის ტრანზიტი საქართველოში ფიზიკურად შეუძლებელია. ამდენად, ალბათ, ლაპარაკია ჩანაცვლებით სქემაზე. ირანი 500 მილიონ კუბურ მეტრს მიაწოდებს სომხეთს, რუსეთი კი სანაცვლოდ, ამავე რაოდენობას - საქართველოს.

 ამგვარად, სომხეთი გაზრდის თავისი მიწოდების უსაფრთხოებას, რადგან საქართველოზე გამავალი გაზსადენი გაცვეთილია, ის 30 წელზე მეტი ხნისაა და მთიან ადგილებში გადის. საქართველო კი მიიღებს აირის დამატებით რაოდენობას, რომლის მიწოდება აზერბაიჯანს არ შეუძლია. ნავთობის მოპოვების შენარჩუნების მიზნით ბაქოში იძულებული არიან, ბუნებრივი აირის მოპოვება შეამცირონ, ამიტომ თბილისს ახალი მიმწოდებლები სჭირდება. ამასთან, შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამო საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია რუსეთისაგან აირის შესყიდვა, ჩანაცვლებითი სქემა ირანთან კი საშუალებას იძლევა, აირის დეფიციტის პრობლემა ისე გადაიჭრას, რომ პოლიტიკური დაძაბულობა თავიდან იქნეს აცილებული”, - აღნიშნა გრივაჩმა.