საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ქართულ-ჩინურ საინვესტიციო ფორუმზე შანხაიში საქართველო 7 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტების წარდგენას აპირებს - განაცხადა ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
"საქართველო ერთადერთი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებს. შესაბამისი მოლაპარაკება ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს", - ციტირებს ქუმსიშვილს "ბიზნეს-საქართველო".
ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის მიღწეულია შეთანხმება ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება მეწარმეების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება და ამ მიმართულებით წამოჭრილი ყველა პრობლემის მოგვარება.