უკვე მერამდენედ, მინდა გავახმოვანო ჩემი პოზიცია საქრთველოს გამთლიანების და დასავლეთში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით. ალბათ საჭიროა, ქართული საზოგადოებისათვის, უცხოელებისთვის, მომხრე–მოწინააღმდეგებისათვის დამატებითი და წონადი არგუმენტების მოყვანა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შესაძლებელი (სასურველი!) ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში უნდა იყოს სინქრონული პროცესი, რისი განხორციელებაც წარმოუდგენელია დასავლეთის და რუსეთის მონაწილეობის და შეთანხმების გარეშე, რაც მოითხოვს სამმხრივი კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებას, – საქართველოს, დასავლეთის (აშშ, ევროკავშირი) და რუსეთის მხრიდან! ეს აქსიომაა და მიმაჩნია, რომ საქართველოს მიერ ასეთი სტრატეგიის და ტაქტიკის დაფიქსირება წაადგება საქართველოს ხელისუფლების რეპუტაციას, რომელმაც უნდა ეძებოს გზები ქვეყნისთვის უპირველესი პრობლემების გადსაჭრელად! ამ ჭრილში თუ შევხედავთ მოცემულ საკითხს, სრულიად მიუღებელი და დამაზინებელიც კია ის, როდესაც ცალკეული პოლიტიკოსები კერძო ვიზიტებით რუსეთსა და დასავლეთში ცდილობენ ამ «პრობლემის მოგვარებას»! საქართველოს გამთლიანების და მისი სუვერენიტეტის დაცვის საკითხები, მხოლოდ სახელმწიფოებრივ, ანუ სახელისუფლებო დონეზე უნდა გადაწყდეს და არა «ერთპიროვნული ჩარტერული ვიზიტებით» მოსკოვსა თუ ვაშინგტონ–ბრიუსელში!!
P.S. ყველაფერთან ერთად, ბოლო დროს ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კვლავ გაისმა საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის! ამასთან დაკავშირებით, მათ გასაგონად, მოვიყვან ერთ ციტატას ჩემი ძველი წერილიდან. – «სად გაგონილა, ან გინახავთ და წაგიკითხავთ, რომ ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ერთდროულად 3 საელჩო ჰქონდეს?! ამიტომ, ზოგიერთი პოლიტიკოსის საყურადღებოდ (ვინც, «დროზე ადრე», რუსეთის საელჩოს გახსნას ჩქარობს თბილისში!), – საქართველოს მხრიდან დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან არ უნდა აღდგეს მანამ, სანამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოხუმში და ცხინვალში, მისი «საელჩოები» ფუნქციონირებენ! წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ეს ფაქტი განიხილება, როგორც საქართველოს მიერ სეპარატისტული რეგიონების «აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად»! – დასკვნები თავად გააკეთეთ!!..