პუბლიკაციები
“სოციალისტური საქართველოს” ყრილობაზე რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს" - არჩილ ჭყოიძის კომენტარი

  საბჭოთა კავშირის ჰიმნით გაიხსნა 27 ივლისს სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ბათუმში. ყრილობაზე სიტყვით რამდენიმე ახალგაზრდაც გამოვიდა, რომლებსაც პიონერის ყელსაბამი ეკეთათ.

ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „ბათუმელები“ წერს.

ყრილობას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული არ არის და ისინი „ამერიკულ ჩექმას გაექცნენ“. სიმაგინი დუმაში “კომუნისტურ პარტიას” წარმოადგენს. პარტიის ქართველმა ლიდერებმა ყრილობაზე საქართველოში რუსული ჯარის დაბრუნება მოითხოვეს.

სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თემურ სამნიძეა, „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელი ბათუმში. მისი თქმით, სახალხო მოძრაობის წევრი უკვე ასეულობით ადამიანია და მზადდება ხელმოწერები პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო რეგისტრაციისთვის. “სოციალისტური საქართველოს” პირველი ყრილობა ქალაქ გორში შედგა.

პარტიის თავმჯდომარე, ვალერი კვარაცხელიამ  ყრილობაზე საქართველოში რუსეთის ჯარის დაბრუნება მოითხოვა. თქვა, რომ საქართველომ უნდა თქვას უარი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე და რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ბათუმშიც იყო განთავსებული, უნდა დაბრუნდეს.

ყრილობის შემდეგ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ვლადიმერ სიმაგინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის “კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით” არის დაინტერესებული: მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პრაქტიკულად არ არსებობს კავშირიჩვენი ხელისუფლებისთვის სულერთი არ არის, რა ხდება მეზობელ ქვეყანაში. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ კეთილმეზობლური ურთიერთობებით, ამიტომაც ვიმყოფები ახლა აქ, “სოციალისტური საქართველოსსახალხო მოძრაობის რეგიონულ, დამფუძნებელ ყრილობაზევფიქრობთ, რომ ეს მოძრაობა მიმართულია მეგობრული ურთიერთობის აღდგენისკენ რუსეთის  ფედერაციასთან და ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით ამ მოძრაობას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობები მალე აღდგება.“

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია დეპუტატს ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან, ოკუპაციის ფონზე, ვლადიმერ სიმაგინმა განაცხადა: ქართველებისგან კი არ გაქცეულან აფხაზები და ოსები, ისინი გაიქცნენ ამერიკული ჩექმისგან. ჩვენმა პრეზიდენტმა, პუტინმაც განაცხადა, რომ მზად ვართ დავსხდეთ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს ლიდერებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ გვქონდა ასეთი პრობლემა რუსეთში, როცა რუსეთი ფაქტობრივად არ აკონტროლებდა ჩეჩნეთს, ორი წლის მანძილზე ჩეჩნეთი იყო დე ფაქტო დამოუკიდებელი სახელწიფო, მაგრამ ეყოთ რუსეთის პრეზიდენტსა და ჩეჩნეთის ხელისუფლებას სიბრძნე, დამსხდარიყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ვფიქრობ, ასეთი გზა უნდა იქნეს არჩეული ამ შემთხვევაშიც. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა ამის შესახებ და პარლამანეტშიც არაერთგზის განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ამისათვის.“

რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებას თავხედობას უწოდებს ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე. მისი შეფასებით, რუსეთის ინტრესი აშკარაა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი და ის თანმიმდევრულად ცდილობს საქართველოს ორიენტაცია შეცვალოს: “რუსეთი ყოველმხრივ ცდილობს, შეცვალოს საქართველოს საგარეო ორიენტაცია. რუსეთის დუმის დეპუტატი სრულიად თავხედურად აცხადებს, რომ თურმე ჩეჩნეთში დაულაგებია რუსეთს ვითარება და მიღწევადია ურთიერთობის  დალაგება საქართველოსთანაც. ჩვენ ვიცით, რის ფასადდალაგდამდგომარეობა ჩეჩნეთში. როგორც ჩანს, საქართველოსაც რაღაც მსგავს უპირებენ. სამწუხაროა, რომ ამას უშიშროების სამსახური არ აქცევს ყურადღებას და ისინი სრულიად ინერტულები არიან. დღვანდელ ყრილობაზე გამოყენებული საბჭოთა სიმბოლიკის გამოც არ მგონია, რომ ვინმე დაისაჯოს. არადა მინიმუმ უნდა დაჯარიმდნენ ეს ადამიანები.“

 ლაშა ბაქრაძე თვლის, რომ საზოგადოებას მსგავს განცხადებებზე უნდა ჰქონდეს რეაქცია და არ შეიძლება მისი მიყრუება. მისი აზრით, „სოციალისტური საქართველო“, როგორც ერთი პოლიტიკური მოძრაობა, შესაძლოა, მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ერთად აღებული აშკარა პრორუსული ჯგუფები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან მთლიანად ქვეყანას და მის ევროპულ არჩევანს:

 „ჩემი აზრით, რუსეთს საერთოდაც არ უნდოდეს საქართველოს შეერთება, მთავარი არის რუსეთისთვის გამოჩნდეს საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. რუსეთს სურს აჩვენოს, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ რესპუბლიკებს არ აქვთ ძალა და რესურსი ჩამოყალიბდნენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო. საქართველო რუსეთის ამ სურვილს წინააღმდეგობას არ უწევს, მე არ ვიტყოდი, რომ ვერ უწევსეს ძალიან ცუდის ნიშანია. ამგვარად ხდება საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ რუსეთი არის ალტერნატივა. ამ მოძრაობის მიზანია, რომ რუსეთი აღარ აღიქმებოდეს, როგორც საფრთხე და ამისთვის დიდ ძალისხმევასაც არ გაწევს რუსეთი, არც ფინანსებს ხარჯავს. საქართველოში საკმაოდ ბევრია შავბნელი და მავნებელი ძალები…”

ამ ღონისძიებას "ერეკლე მეორის საზოგადოების" დამფუძნებელი და ლიდერი არჩილ ჭყოიძე თავის ფესბუკ-გვერდზე აკომენტებს:

"რა დროს პიონერობაა?!

ასეთი ყრილობების ჩატარება არამცთუ ხელს უწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების აღდგენას, არამედ პირიქით, სრულიად მავნებელია ყველა მიმართულებით. რა დროს პიონერობაა და რა შუაშია დაშლილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებასთან?! ურთიერთობის აღდგენა სხვაგვარად უნდა მოხდეს, სხვა ფორმით და ფორმატით, და არა ისე, როგორც ამას ყრილობის ორგანიზატორები ხედავენ. რბილად რომ ვთქვათ, გამაოგნებელია, როდესაც პარტია ნეიტრალური საქართველოს ლიდერები რუსეთის ჯარის შემოყვანას გვთავაზობენ. ასევე გასაკვირია ისიც, რომ მათი არგუმენტები მხოლოდ საბჭოთა საქართველოს აღმშენებლობით შემოიფარგლება, რაც ფაქტია, და არც არავინ უარყოფს. მაგრამ არავის გახსენებია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეჰქონდა ამ დიდი საბჭოთა მანქანის ფუნქციონირებაში, მათ შორის, ის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო: პროცენტული მაჩვენებლით უპრეცედენტო რაოდენობა (400 000 ადამიანი) ომში დაღუპულებისა და დასახიჩრებულების (300 000 ადამიანი); დახვრეტილი და გადასახლებული ქართული ინტელიგენცია; დანგრეული ეკლესია-მონასტრები და მრავალი სხვა. კომპარტია და საბჭოური სოციალიზმი თვით რუსეთისთვისაც კი გუშინდელი დღეა და ამიტომ არარეალურად მეჩვენება ამგვარი გზით რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება. დამოუკიდებელი საქართველო ვერ იქნება ერთვექტორიანი პოლიტიკის ქვეყანა, ასე იყო ოდითგან და კვლავაც ასე რჩება. თავისი ისტორიის მანძილზე ერთვექტორიანი პოლიტიკა საქართველოს მხოლოდ მაშინ ჰქონდა (უფრო სწორად, პოლიტიკა არ ჰქონდა), როდესაც იგი რომელიმე ძლიერი იმპერიის მიერ იყო დაპყრობილი ან მისი ქვეშევრდომი იყო. გონიერი ადამიანი ყველა მხარეს იყურება - საფრთხეც და სიკეთეც ყველა მხრიდან არის მოსალოდნელი".