საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ზაქარია ფალიაშვილი სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კოლექტივმა, სადაც ევგენი მიქელაძე დირიჟორობდა და ვახტანგ ჭაბუკიანი ცეკვავდა, დღეს კი დავით კინწურაშვილი და ნინო ანანიაშვილი დირიჟორობენ და ცეკვავენ, პირველი გამარჯვება მოიპოვა! კულტურის სამინისტროსთან გამართული სამდღიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, “ოპერის აჩრდილი” დავით კინწურაშვილი - თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რომელიც შემოქმედებითმა კოლექტივმა ფინანსურ დარღვევებში, ნეპოტიზმში, არაპროფესიონალიზმსა და ცუდ მენეჯმენტში დაადანაშაულა, თანამდებობიდან დათხოვნილია. მაგრამ ჯერჯერობით თანამდებობაზე რჩება თეატრის და ფაქტო ბატონ-პატრონი - საბალეტო დასის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი. ამიტომ ახალი - 165-ე სეზონი წარმატებული ვერ იქნება, თუ იქიდან არ განიდევნა მეორე “ოპერის აჩრდილი” - ანანიაშვილი, რომელიც ისე უწევს ექსპლუატაციას მსახიობებს, როგორც ყარაბას-ბარაბასი - თავის თოჯინებს!
საქინფორმის განცხადების შემდეგ, რომელსაც საზოგადოების მხრიდან დიდი რეზონანსი მოჰყვა, რედაქციაში მოდის წერილები აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები თეატრის სახელგანთქმული ვეტერანებისაგან, რომლებმაც შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური წლები ამ თეატრს შესწირეს და გული შესტკივათ მასზე. აი, ნაწყვეტი ბალეტის ცნობილი სოლისტის და ბალეტმაისტერის წერილიდან, რომლის გვარს „საქინფორმი“, ჟურნალისტური გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ასახელებს.
“იგი (ნ. ანანიაშვილი - „საქინფორმი“) არავის აძლევს ბალეტის დადგმის საშუალებას. მის მიერ დადგმულ რომელ 70 საბალეტო სპექტაკლზე ლაპარაკობთ?! ეს ტყუილია! როგორ ფიქრობთ, რატომ არ სურს სცენის დატოვება? აბა, დაინტერესდით - რამდენს უხდის საკუთარ თავს! ამავე დროს, ახალგაზრდობა დამლაგებელზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებს! ამიტომ ვისაც შეეძლო - ყველა გაიქცა და მხოლოდ ის დარჩა - ნინო ანანიაშვილი! იცით, რატომ ეპატიჟება საცეკვაოდ უცხოელ ბალეტის ვარსკვლავებს? აქაურები რომ არ წამოსწიოს წინ - ღმერთმა დაიფაროს, უცებ ვინმე მასზე ნიჭიერი რომ აღმოჩნდეს?!
ამასთანავე, ის მეტად შურისმაძიებელია, რაც ჩლუნგ ადამიანებს ახასიათებს ხოლმე. ახალგაზრდობისას, საბალეტო ოსტატობის გაკვეთილებზე, ელემენტარულ კომბინაციებსაც კი ვერ იმახსოვრებდა!
თქვენ - პრესა ხართ, ამიტომ ადვილად შეგიძლიათ, იპოვოთ სტატია იაპონიაში გასტროლის შესახებ, როცა ის იმდენად მიზერულ თანხას უხდიდა მოცეკვავეებს, რომ ახალგაზრდები იძულებული იყვნენ, მაღაზიაში პური მოეპარათ, რათა შიმშილისაგან გული არ წასვლოდათ! ეს სტატია გაზეთში გამოქვეყნდა, მაგრამ მაშინ საქმე ჩაფარცხეს, რადგან პრეზიდენტი მანიაკი სააკაშვილი იყო...”.
„საქინფორმს“ აინტერესებს: რა სახსრებით არსებობს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ივერია”, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ანანიაშვილის იმპრესარიო - მეუღლე გრიგოლ ვაშაძე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი? იქნებ ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის სახსრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნინო ანანიაშვილი სააკაშვილის უახლოესი ნათესავია, როგორადაც საქართველოში შვილის ნათლიები ითვლებიან? მით უმეტეს, რომ "ივერია" მკვეთრად ოპოზიციურად არის განწყობილი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც საკუთარი 40 მილიონი დოლარით გაარემონტა ოპერა, იმისათვის, რომ იქ ანანიაშვილს ეცეკვა...
ან იქნებ ქმარს ცოლი ეხმარება - საარაკო ხელფასები, პრემიები, დანამატები და ჰონორარები, რომლებსაც ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ანანიაშვილი თავის თავს - ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ და ბალერინა ანანიაშვილს უწერს - "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციის დასახმარებლად იხარჯება?!
მით უფრო, რომ ღვინის ბიზნეში ვაშაძეს არ გაუმართლა - ღვინო "ნინო" ვერ გასაღდა...