საზოგადოება
ფარული მასალების საქმეზე პროკურატურა სამი პირის წინააღმდეგ საქმეს წყვეტს

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ინგა ჩატოიანის შემდეგ პროკურატურა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე კიდევ ორ ბრალდებულთან - გელა ღურწკაიასთან და ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან აფორმებს საპროცესო შეთანხმებას და მათ წინააღმდეგ საქმეს წყვეტს. ისინი ციხეს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დატოვებენ.

შოთაძის უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები. ბრალდებულთა უფლებების დამცველები პროკურატურას იმ პირებთან გარიგებაში ადანაშაულებენ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ ჩვენებას მისცემენ.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულები ცდილობდნენ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას. ირაკლი ფხალაძის ადვოკატი ირწმუნება, რომ საქმეში არ არსებობს იმ პირების ჩვენებები, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებაც უნდა მომხდარიყო.

სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, პროკურორი განმარტავს, რომ ბრალდებულებთან გარიგებაზე მხოლოდ აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ მიდის.