სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა, სამართალდამცველების მიერ მისი ოჯახის წევრის ჩხრეკის ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა პრემიერ-მინისტრს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული შემთხვევის გარკვევა დაავალა შს მინისტრს. პრეზიდენტი, შესაძლოა, გულისხმობდა შემდეგ ფაქტს:

სამართალდამცველების მიერ თბილისში 2016 წლის 28 ივნისს განხორციელდა სამი პირის ჩხრეკა: წარსულში ნასამართლევი თორნიკე კ-ს, მიხეილ თ-ს და მინდია გ-ს. აქედან ერთ-ერთი პირი იყო პრეზიდენტის მეუღლის შვილთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მამაკაცი.

მიხეილ თ-სა და მინდია გ-ს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ, ხოლო თორნიკე კ -ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ცივი იარაღი.

ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილე პირთა უფლებების სრული დაცვით და მიზნად ისახავდა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პრევენციას. ამდენად, საპოლიციო ღონისძიების ნებისმიერი სხვა ფორმით ინტერპრეტაცია მიუღებლად მიგვაჩნია“.