პუბლიკაციები
“სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ შეელია “მაჟორიტარულ ოცნებას”!

  ჯუმბერ კირვალიძე, პოლიტოლოგი: “საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების “სპექტრს” როცა გავეცანი, საბოლოოდ დავრწმუნდი (ადრეც არაერთხელ დავწერე ამის შესახებ), რომ საქართველოში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა გასაუქმებელია, რადგანაც 25 წლის განმავლობაში მოხდა მისი სრული დისკრედიტირება! დიახ, სწორედ მაჟორიტარული საარჩევნო წესის გამოყენებით ხდებოდა ისეთი პერსონების გადეპუტატება, რომლებსაც არაფერი აკავშირებდათ პოლიტიკასთან, რომლების მეშვეობითაც ხდებოდა ჯანსაღი პოლიტიკური პროცესების ბლოკირება, პოლიტიკური პარტიების განვითარების დამუხრუჭება, რაც დიდ ზიანს აყენებდა ქართულ სახელწიფოს, მის პროდასავლურ კურსს, ეროვნულ–დემოკრატიულ ინტერესებს და მიზნებს! დღესაც იგივე სურათი გვაქვს და ოქტომბრის არჩევნების შემდეგაც, სწორედ ამ პოლიტიკური ბალასტის ამარა დარჩება საქართველო!

სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ შეელია “მაჟორიტარულ ოცნებას”, რადგანაც ამ წესის გამოყენებით, ადმ.რესურსის მეშვეობით ბევრად ადვილია სასურველი შედეგის მიღწევა! თავის მხრივ, ვერც პოლიტიკურმა ოპოზიციამ ივარგა და ვერ შეძლო ქართული საზოგადოების დარწმუნება მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის აუცილებლობაში, ალბათ იმიტომ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს თავად უსარგებლიათ “მაჟორიტარული სიკეთეებით”! მოკლედ, მომავალ “გაბერილ” პარლამენტში, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება (საქართველოში 100 ადამიანი თუ მოიძებნება, რომლებიც პოლიტიკაში “ერკვევიან”!), მათ შორის 60 მაჟორიტარი პარლამენტარი, ისინი მნიშვნელოვან საკითხებზე ხმის მიცემის დროს კი, ყველაზე “მოწყვლადი” იქნებიან! ეს კი, შეიძლება საბედისწერო გახდეს (ვადამდელი არჩევნები, ანუ პარლამენტის დათხოვნა) ამ ფორმაციის პარლამენტისთვის და რაც მთავარია ქვეყნის, ქართული საზოგადოების პოლიტიკური კულტურის სიმწიფისთვის, ურომლისოდაც წარმოუდგენელია ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და გაძლიერება!”

geomediatv.ge