უცხოეთი
ტოკიოს გარეუბანში ბოროტმოქმედმა ინვალიდების ინტერნატში სასაკლაო მოაწყო

  საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. იაპონიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრზე თავდასმის შედეგად, ბოლო მონაცემებით 19 ადამიანია მოკლული.

თავდასხმა ტოკიოს მახლობლად მდებარე ქალაქ საგამიჰარაში მოხდა. დაშავებულია ცენტრის 25-ზე მეტი მცხოვრები. მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

საინფორმაციო სააგენტო “კიოდოს” ცნობით, კანაგავას პრეფექტურის პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, 26 წლის სატოში უემაცუა. ის პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და დანაშაული აღიარა. ადგილობრივი მედიის ინფომაციით, სატოში უემაცუ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ევთანაზიას ითხოვდა. პოლიციის ცნობით, თებერვალში მან იაპონელ პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ასობით ადამიანის მოკვლით იმუქრებოდა. ფსიქიკური პრობლემების გამო ის ორი კვირით ჰოსპიტალიზებული იყო.

ინციდენტის დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში 150 რეზიდენტი და პერსონალის რვა წევრი იმყოფებოდნენ.

იაპონია თავდასხმები ძალიან იშვიათად ხდება და ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა. საგამიჰარაში მომხდარი ინციდენტი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე  მასოვბრივი მკვლელობაა.