სამართალი
გერმანიის ქალაქ ანსბახში აფეთქება მოხდა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ბავარიის ქალაქ ანსბახში ბარის შესასვლელში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ერთი ადამიანი - თავად თავდამსხმელი. ამას გარდა, დაშავებულია 12 პირი.

როგორც ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოაიმ ჰერმანმა განაცხადა, ასაფეთქებელი მოწყობილობა 27 წლის სირიელმა მიგრანტმა აამოქმედა, რომელსაც ერთი წლის წინ გერმანიამ თავშესაფარზე უარი უთხრა. ჰერმანის ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში ფსიქიკური პრობლემების გამო მკურნალობდა.

თავდამსხმელს აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მუსიკალურ ფესტივალზე შესვლაზე უარი უთხრეს. პოლიცია მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ფესტივალზე შეკრებილი ხალხი მისი მთავარი სამიზნე ყოფილიყო.

აფეთქება ქალაქის ცენტრში, ბარის შესასვლელთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სირიელი მიგრანტის ზურგჩანთაში აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება საკმარისი იყო იმისთვის, რომ მსხვრპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო.