სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

  საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. შსს ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: "შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გვიან ღამით თბილისში, ანაპის დივიზიის ქუჩაზე, შემოწმების მიზნით გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც  ბუბა . მართავდა. მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პრევენციული შემოწმება დაასრულეს, ავტომანქანის მგზავრებმა - მურაზ ს-მ და კახაბერ დ-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი დააკავეს.

რაც შეეხება ავტომანქანის დაზიანების ფაქტს, მფლობელის მხრიდან პრეტენზიის გამოხატვისთანავე დაიწყო გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით.

სამართალდამცველებისთვის მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ ცნობილი არ იყო, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პოლიტიკური კუთვნილება არცერთ პირს სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“.

საქინფორმი იტყობინება, რომ დაკავებულები ბურჭულაძის პარტიის წევრები იყვნენ და, როგორც ვიდეოჩანაწერი მოწმობს, ისინი უკიდურესად აგრესიულად იქცეოდნენ და შეურაცხყოფდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.