საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი აუცილებლობად არ მიიჩნევს ამ ეტაპზე უპასუხოს ზომებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის მიერ ყირიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებას შეუერთდნენ. ამის შესახებ რუსეთის დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი არ აღიქვამს ამ ნაბიჯს მეგობრულად, თუმცა ამავე დროს, აუცილებლობად არ მიიჩნევს მოცემულ ეტაპზე, ავტომატურად მიმართოს საპასუხო ზომებს", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.
პუშკოვის თქმით, საქართველოს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება ყირიმის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთების შესახებ "მხოლოდ მწუხარებას იწვევს", თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ნახევარკუნძულის საქმიანობაზე ზეგავლენა არ აქვს.
"ეს, უპირველეს ყოვლისა, პროპაგანდისტული და პოლიტიკური ნაბიჯია, რომელიც ნაკარნახევია საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებით, აჩვენოს თავისი ერთობა დასავლეთთან, რომელიც ამ სანქციების ინიციატორია", - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.
მისი თქმით, დუმის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტი საქართველოს ევროკავშირის სანქციებთან შეერთებასთან დაკავშირებით რამე განცხადების მიღებას არ აპირებს, რადგან "საჭიროა ნაბიჯები, რომლებიც ურთიერთობებს აუმჯობესებს და არ აუარესებს".
ამავე დროს, კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზება. "იქ არიან ძალები, რომლებიც ამით ასევე დაინტერესებულები არია - ეს მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის, ასევე ადამიანური ფაქტორის თვალსაზრისით", - განაცხადა პუშკოვმა.
დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმენა უკეთესი საფუძველი რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მათ შორის პარლამენტთაშორისი კონტაქტებისთვის, რომლებიც პრაქტიკულად გაყინული აღმოჩნდა.
"ბოლო დროს საერთაშორისო პლატფორმებზე ქართველ დეპუტატებთან ურთიერთობებისას შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განახლების გარკვეული პოტენციალი არსებობს, რუსეთი ამისთვის მზად არის", - აღნიშნა დეპუტატმა.