საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრმა ლალი მოროშკინამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის მიერ ქართული მინერალური წყლების და ალკოჰოლის იმპორტის შესაძლო აკრძალვაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს თავისი აზრი ყირიმის და სევასტოპოლის პროცესებზე არ უნდა დაეფიქსირებინა.
„საქართველო იმდენად რთულ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობას იკავებს, რომ ცხადია, მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს მხარს ვერ აუქცევს. თუმცა, ვფიქრობ, აუცილებელი არ იყო, საქართველოს თავისი აზრი დაეფიქსირებინა სევასტოპოლის და ყირიმის პროცესებზე.
ამასთან დაკავშირებით მივიღეთ ის, რომ დუმის დეპუტატების ერთმა ნაწილმა თქვა, რომ შეწყდეს ქართული მინერალური წყლების და ალკოჰოლის შეტანა რუსეთში. ეს საქართველოსთვის მილიონიანი ზარალია, რაც ჩვენს ეკონომიკურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.
ძალიან კარგია, რომ მეჭიაურის ვიზიტი რუსეთში ამ ფაქტს დაემთხვა. ის დუმის ძალიან გავლენიან დეპუტაციას შეხვდა და გადასცა სურვილი, რომ ეს პროცესი შეჩერებულიყო და მართლაც შეჩერდა. თამაზ მეჭიაურის ერთმა ვიზიტმა გადაარჩინა ათასობით ქართველი უმუშევრობას", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.