საზოგადოება
„საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადებებით სააკაშვილი სპეციალურად ძაბავს ვითარებას!“– მარგველაშვილი

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. "როდესაც ვუყურებ საარჩევნო ბიულეტენს, მეც მჭირდება დაფიქრება, ვის მივცე ხმა…” -  ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

 "თუ ჩვენ განაწყენებულები ვართ პოლიტიკოსებზე, არ მოგვწონს, ამ თვალსაზრისით თუ არ წავალთ არჩევნებზე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაზე ბნელ და მიუღებელ ძალას ვაძლევთ ხმას. თუ გადაწყვეტთ, რომ არ წახვიდეთ არჩევნებზე, აიღეთ ბიულეტენი, შეხედეთ შიგნით, ვინც ყველაზე მეტად არ მოგეწონებათ და ჩათვალეთ, რომ იმათ აძლევთ ხმას იმით, თუ არ წახვალთ არჩევნებზე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზეც გააკეთა განცხადება.

 “ძალიან აქტიურად შემოაქვს საქართველოში დაბრუნების საკითხი. წარმოიდგინეთ, ეს რას ნიშნავს. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ძებნილია, საუბრობს დაბრუნებაზე. ის აპრიორი ძაბავს ვითარებას და ცდილობს, ტემპერატურა ასწიოს”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

 პრეზიდენტი არ ამხელს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში. “ეს მერვე შეკითხვაა, რომელსაც არ ვუპასუხებ. პოლიტიკურად არანაირად არ მაწყობს ამაზე პასუხის გაცემა”, - განაცხადა მან.