სამართალი
„მედიასთან დაპირისპირება ყოველთვის კრახით მთავრდება“ - გიორგი მარგველაშვილი

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

 “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თავისუფალი მედია იყოს და საქართველოს თავისუფალი სასამართლო ჰყავდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას თავისი შინაგანი რწმენისა და კანონის საფუძველზე იღებდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთრების უფლება დაცული იქნეს”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 „ჩვენს ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კრიტიკული მედია მათთვის პრობლემის შემქმნელია. ასეთი ტიპის მსჯელობა პრობლემას უქმნის არა მხოლოდ მედიას, არამედ დემოკრატიასაც, - განაცხადა პრეზიდენტმა. იგულისხმა თუ არა ამ პოლიტიკოსებში ბიძინა ივანიშვილი, მან ამის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

 “პრინციპულად შეცდომაა, როდესაც პოლიტიკოსს ჰგონია, რომ მედიასთან დაპირისპირებით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწევს. მედიასთან დაპირისპირება ყოველთვის კრახით მთავრდება. არაერთი გამონათქვამი იყო “რუსთავი 2”-ის, როგორც მედიის წინააღმდეგ. ეს გამონათქვამები ძალიან მძიმე შთაბეჭდილებასა და ფონს ტოვებს ჩვენს პარტნიორებზე”, - აღნიშნა მარგველაშვილმა.