პოლიტიკა
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი.  ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

 სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთთან აკავშირებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.

 „მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას. მიუხედავად ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს ჩვენი რეგიონის განვითარება და წარმატებით განვახორციელოთ საერთო პროექტები, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

 სხდომაზე აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.