პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

“საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ ახალი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

ორი ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა. თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მოაწერა.