პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრა პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების მნიშვნელობას და ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმებების დროულად ამოქმედების აუცილებლობას.

 რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა თურქეთის მიმართ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის და კმაყოფილება გამოთქვა ვიზიტის ნაყოფიერად დასრულების გამო.

 გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა თურქი ხალხისადმი და გამოთქვა რწმენა, რომ სტაბილური და დემოკრატიული თურქეთი რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტი იქნება.