პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შედგა

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აჰმეტ არსლანი დახვდა.

აჰმეტ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმთან, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ ქაჰრამანთან და თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ თაიიპ ერდოღანთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის  საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.