სამართალი
„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უნდა დაიწყოს სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეთა გასამართლებისთვის მზადება

kukavaმოძრაობამ „თავისუფალი საქართველო“ განცხადება გააკეთა, რომ თანადგომას უცხადებს მოშიმშილე ვეტერანებს, რომლებიც 3 იანვარს ბარბაროსულად დაარბიეს თბილისის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა.

„თავისუფალი საქართველოს’’ ლიდერი კახა კუკავა ფიქრობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ხელისუფლება და სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი ბედავს ასეთი ცინიზმით მოქმედებას, არის ხალხის ლოიალობა იმ პირთა მიმართ, რომლებმაც წარსულში, 7 ნოემბრიდან მოყოლებული, არაერთხელ ჩაიდინეს მსგავსი დანაშაული.

პირველ რიგში, ჩვენ თხოვნით მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზემოთ აღნიშნულ პირთა მიმართ განახორციელოს იგივე სანქციები, რაც განხორციელდა თუნდაც ბელარუსში ბოლოდროინდელი დარბევების ორგანიზატორთა მიმართ, და შეიზღუდოს მათი გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის გარეთ და აიკრძალოს ნებისმიერი ფინანსური აქტივობა დემოკრატიული ქვეყნების ტერიტორიაზე.

,,გამოვდივართ ინიციატივით და მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დღეიდან სააკაშვილის რეჟიმის ლუსტრაცია დავიწყოთ, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, წერილობითი შეთანხმების ხელმოწერას, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგ, მიუხედავად ხანდაზმულობის ვადებისა, გასამართლებული იქნება ყველა მაღალი თუ დაბალი თანამდებობის პირი, რომლებიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა დარბევებში, არჩევნების გაყალბებაში თუ სხვა დანაშაულებებში’’, - განაცხადა კახა კუკავამ.