სამართალი
„გერმანიაში მატარებლის მგზავრებზე თავდასხმაში მონაწილე 17 წლის ავღანელის ოთახში ისლამური სახელმწიფოს დროშა იპოვეს“ – იოაჰიმ ჰერმანი

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბავარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იოაჰიმ ჰერმანმა ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ექსტრემისტული დაჯგუფების დროშა ხელით არის დახატული.

 “დიდია ალბათობა, რომ ეს იყო ისლამისტების თავდასხმა, - განაცხადა ჰერმანმა. მისი თქმით, 17 წლის თავდამსხმელი ქალაქ ოქსენფურტში, გერმანელების ოჯახში ცხოვრობდა.

ცულითა და დანით შეიარაღებული ახალგაზრდა მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. ინციდენტი ქალაქებს ოქსენფურტსა და ვიურცბურგს შორის მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ოჯახი ჩინეთიდან. მატარებლის გაჩერების შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა სცადა, მაგრამ მას პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.