საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა.
სამართალდამცველებმა დიდი მასშტაბის თაღლითობის ბრალდებით, ბონდო ო., წარსულში ნასამართლევი ვერა ა. და წარსულში ნასამართლევი თამაზ გ. თბილისში დააკავეს.
დაკავებულებმა აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი მოატყუეს, თითქოს დევნილთა და განსახლების სამინისტროში, ასევე, თბილისის მერიაში გავლენიანი ნაცნობები ჰყავდათ, რომელთა მეშვეობით შეეძლოთ მისთვის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ოლიმპიურ ქალაქში“ ბინის მიღებაში დახმარება. ამის სანაცვლოდ ბრალდებულებმა ქალბატონს 15 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინასწარ 7 000 აშშ დოლარი გამოართვეს, ხოლო დანარჩენი 8 000 აშშ დოლარის გამორთმევას მოგვიანებით აპირებდნენ.