პოლიტიკა
დღეს პრემიერი კვირიკაშვილი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.
თურქეთის პრემიერ- მინისტრმა მადლიერება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან თურქეთის სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. ბინალი ილდირიმმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთში სიტუაცია ნორმალიზებულია და საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა მიმართულება გაგრძელდება.
ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა, რომ 19 ივლისს ანკარაში, საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართოს.