აქტუალური
“ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებასთან კავშირის მქონე ტერორისტული ორგანიზაციის მეთაურს იფარებს, თურქეთის მეგობარი არ არის - ის ჩვენი აშკარა მტერია!” - თურქეთი გიულენის გადაცემას მოითხოვს (ვიდეო)

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ეს განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა, იგულისხმა რა ოპოზიციონერი ისლამის მქადაგებელი ფეთჰულაჰ გიულენი, რომელიც აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს (ვიდეო იხ. აქ).

 თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი სტამბულში გამართულ მიტინგზე თავის ამერიკელ კოლეგას ბარაკ ობამას მიმართა და აშშ-ის პრეზიდენტს თურქეთისთვის ფეთჰულაჰ გიულენის გადაცემა მოსთხოვა, რომელიც, ანკარას აზრით, ქვეყანაში ამბოხების ორგანიზებაში მონაწილეობდა.

 “მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ვინც თქვენთან, პენსილვანიაში იმყოფება, მისი დეპორტირება მოგეხდინათ ან ჩვენთვის გადმოგეცათ. მაგრამ არ მომისმინეთ. ახლა, ამ გადატრიალების მცდელობის შემდეგ ისევ მოგმართავთ: ბოლოს და ბოლოს, გადმოეცით ის თურქეთს”.

 ერდოღანმა ამერიკელ ლიდერს ისიც შეახსენა, რომ თურქეთი გადასცემდა აშშ-ს ტერორისტებს, რომელსაც ის ითხოვდა. “ახლა მოგვეცით ის, ვინც ჩვენთან ტერორისტების სიაშია. თუ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, მაშინ ჩვენი მოთხოვნა  შეასრულეთ", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.