საქინფორმი, 19 ივლისი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე 12 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩია. სხდომაში მონაწილეობას არ იღებდა 9 დეპუტატი. რიგგარეშე სხდომის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება კანონმდებლებმა 14 ივლისს, ბიუროს სხდომაზე ერთხმად მიიღეს. ზურაბ პატარაძეს კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.
ზურაბ პატარაძე დაიბადა 1973 წლის 12 თებერვალს, ქ.ბათუმში.
1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსებისა და კრედიტების სპეციალობით და მიენიჭა ეკომინისტის კვალიფიკაცია.
2007 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1994-1996 წლებში მუშაობდა შემნახველი ბანკის ქ. ბათუმის განყოფილების ფილიალში, უფროსი რევიზორის თანამდებობაზე.
1996-2000 წლებში იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურის ინსპექტორი.
2000 წლის 10 აპრილიდან 1 მაისამდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2000-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობის სამმართველოს საკონსულო დაწესებულებათა ეკონომიკური და ფუნქციონალური საქმიანობის ანალიზის ჯგუფის მეორე მდივანი.
2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის საერთო საკონსულო საკითხების სამმართველოს მეორე მდივნად, შემდეგ კი - ამავე დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად.
2004-2007 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, შემდეგ კი - მრჩეველი, რომელსაც ევალებოდა საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა.
2007-2009 წლებში მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად.
2009 წლის 20 მაისიდან 1 ივნისამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მოქალაქეობისა და საპასპორტო საკითხთა სამმართველოს მრჩეველი.
2009-2010 წლებში იყო ქ. სალონიკში საქართველოს გენერალური კონსული.
2011 წელს იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი.
2011-2012 წლებში მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში (ქ. სტამბოლი) საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობაზე.
2012 წლიდან 2013 წლის 1 მარტამდე იყო თურქეთის რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2013 წლიდან დღემდე იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
2012 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.