აქტუალური
საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამერიკულ კონცეფციაში ჩაერთო - თინა ხიდაშელი ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა (ვიდეო)

 საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. გადამდგარი საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეხვედრებს პენტაგონში გამართავს, რათა თავისი უკანასკნელი და მთავარი მისია შეასრულოს – გააფორმოს საქართველოს მონაწილეობა (მისი საზღვაო პორტები) ნატოს ძალების მიერ შავ ზღვაზე შექმნილ პლატფორმაში (აშშ–ის, რუმინეთის ფლოტებისა და უკრაინის საზღვაო პორტების სახით, ბულგარეთმა და თურქეთმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს).

 ვიზიტის ოფიციალურად გაცხადებული მიზანია თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს შორის ორმხრივი კონსულტაციების გამართვა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობების შესრულების დაწყება (ვიდეო იხ. აქ).

 “ვიწყებთ მემორანდუმის შესრულებას, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს გაფორმდა. მემორანდუმმა ახალი პრიორიტეტი გაითვალისწინა - საქართველოს ტერიტორიული თავდაცვა, რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ამ პროცესში, ბუნებრივია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები გაძლიერდეს იმ ამოცანებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ემსახურება. ეს იქნება გრძელი, მაგრამ ფუნდამენტური მუშაობა იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი  სრულყოფილი სახით მივიღოთ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში გამგზავრებამდე.