საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯონ ბრენანმა აღიარა, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს უნარი არ აღმოაჩნდათ, გაეთვალისწინებინათ ,არაბული გაზაფხულის” შედეგები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების შედეგად ექსტრემისტული დაჯგუფებები გაძლიერდნენ (ვიდეო იხ. აქ).
2011 წელს ვაშინგტონი მიესალმა რევოლუციურ ცვლილებებს რეგიონში, როგორც ხალხის ნების დემოკრატიულ გამოხატვას. “მოედნიდან მოედნამდე, ქალაქიდან ქალაქამდე, ქვეყნიდან ქვეყნამდე - ხალხმა ადამიანის ელემენტარული უფლებების დაცვის მოთხოვნა დაიწყო”, - განაცხადა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. აშშ-ის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით, “ალ-კაიდა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები პროტესტის ტალღების შედეგად უნდა დასუსტებულიყვნენ. მაგრამ ამის ნაცვლად, როგორც ბრენანმა აღნიშნა, 2011 წლის მოვლენებმა, რომლებმაც დასავლეთის ბევრი ქვეყნის ლიდერების მოწონება დაიმსახურა, საბოლოოდ მთელ მსოფლიოში ტერორისტული ორგანიზაციების გავლენის გაძლიერება გამოიწვია - გაჩნდა ტერიტორიები, რომლებსაც სახელმწიფო ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, და იქ ტერორისტები დამკვიდრდნენ.