სამართალი
პროკურატურამ სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების დასამტკიცებლად სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2016 წლის 10 ივლისს, შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ფილიალის „ცენტრ პოინტ აჭარას“ ყოფილი დირექტორი სალომე ჩარკვიანი დაკავებულ იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე.

სალომე ჩარკვიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2016 წლის 12 ივლისს შეეფარდა. 15 ივლისს, მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით სალომე ჩარკვიანმა  განცხადებით მომართა ქ. თბილისის პროკურატურას.    

განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი  გარემოებები. კერძოდ:  სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. დაზარალებულებმა მათთან  გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს  თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი. ზემოხსენებული შუამდგომლობით ბრალდების მხარემ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს“.