აქტუალური
სამხრეთ კორეის პრემიერს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსების გამო პროტესტის ნიშნად

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ კორეის სონჯუს მაზრის მოსახლეობამ სხვადასხვა საგნები დაუშინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჰვან გე ანს, როდესაც ის ცდილობდა, ხალხი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის THAAD-ის უსაფრთხოებაში დაერწმუნებინა.

 პოლიტიკოსის გამოსვლა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა ტელეარხ KBS-თი, როდესაც ბრბოდან სეტყვასავით წამოვიდა წყლით სავსე ბოთლები და ქათმის კვერცხები. დაცვის თანამშრომლებმა გასაშლელი ფარებით და ქოლგით დაიფარეს პრემიერი, სანამ ის ლაპარაკს განაგრძობდა. ამის შემდეგ ტრანსლაცია შეწყდა.

 მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სონჯუს მცხოვრებნი აღშფოთებული არიან იმით, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ THAAD-ის განსათავსებლად მათი მაზრა აირჩია და მათთვის აზრი არ უკითხავს. ხალხი შიშობს, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რადარმა შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მოუტანოს.

 პრემიერ-მინისტრმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ხელისუფლებას წინასწარ არ შეეძლო ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სამხრეთ კორეაში განთავსების ადგილის გამხელა.